www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის
მომწოდებელი: AA Facility
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი" (AA Facility) აცხადებს კონკურსს: კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, თემაზე "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".

ონლაინ კონკურსი ტარდება ევროინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური რეზულტატების შესახებ.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, შემდეგი სპეციფიკური თემიდან ერთ-ერთზე:

1. COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე
2. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს

კონკურსის სპეციალური ჟიურის წევრები, რომლის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) წარმომადგენლები და უცხოელი და ქართველი ექსპერტები, გამოავლენს კვლევის 2 საუკეთესო საპროექტო წინადადებას, რომელთა განხორციელების შედეგად მიღებული საბოლოო რეზულტატები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა http://www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე http://www.facebook.com/AAFacility. გამარჯვებული საპროექტო წინადადებების ავტორები არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას 500 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება შესაბამის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე.

კონკურსში - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" - მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს.

პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული ნამუშევრების შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შეფასება:

** საპროექტო წინადადება უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე
** ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1000-1500 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
** საკვლევი თემის აქტუალურობა
** პრობლემის ფორმულირება
** კვლევის მიზნები და ამოცანები
** კვლევის მეთოდოლოგია
** ხედვა კვლევის მიგნებების პოტენციური გამოყენების შესახებ
** პროექტის განხორციელების გრაფიკი და ბიუჯეტი
** აბსტრაქტი უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე
** აბსტრაქტის მოცულობა უნდა შეადგენდეს 150-250 სიტყვას
** საპროექტო წინადადება და აბსტრაქტი უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word, ან PDF) ფორმატში
** ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen-ის შრიფტით, რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15-ს
** წერილის საგანში უნდა მიუთითოთ: "კვლევითი პროექტების კონკურსი"

ნამუშევრებს, რომლებიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, შეაფასებენ ჟიურის წევრები 100-ქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

შეფასების ძირითადი კრიტერიუმი და მაქსიმალური ქულა:

** საკვლევი საკითხის/ პრობლემის აქტუალურობა და თემასთან შესაბამისობა - 10
** საპროექტო განაცხადის სტრუქტურა და გასაგები არგუმენტაცია კვლევის მიზნებთან და ამოცანებთან მიმართებით - 30
** ხედვა კვლევის მიგნებების პოტენციური გამოყენების შესახებ- 20
** კვლევის მეთოდოლოგია, წყაროების მრავალფეროვნება და შესაბამისობა - 30
** პროექტის განხორციელების გრაფიკისა და ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევით პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან - 10

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა მოგვაწოდონ მათ მიერ მომზადებული კვლევის საპროექტო წინადადება (ნარკვევები) და აბსტრაქტი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aa@parliament.ge, არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივნისის 20:00 საათისა.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი დამატებითი პირობებიც:

** შედეგების გამოქვეყნებამდე თქვენი ნამუშევარი არ უნდა გამოქვეყნდეს არც ერთ მედიასა თუ სოციალურ ქსელში
** ნამუშევრის ელ-ფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და, შესაბამისად, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს
** კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით)

წინასწარ დარეგისტრირებულ სტუდენტებსა და დოქტორანტებს პირადად დაეგზავნებათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ვიდეოლექციები, 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში. ამისათვის მათ უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 2020 წლის 25 მაისამდე, შემდეგი სახის ინფორმაციის ელ-ფოსტით გამოგზავნის გზით:

** სახელი, გვარი
** უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი)
** თემის სათაური

ვიდეოლექციები ასევე ხელმისაწვდომი იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა http://www.aa.ge და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე http://www.facebook.com/AAFacility. ამასთან, გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია ექსპერტების, საჯარო მოხელეებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე, რომელზე დასწრებაც ასევე შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |