სსიპ "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო ოპერაციების განყოფილებაში, საინვესტიციო ოპერაციების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
საინვესტიციო სამსახურის შესახებ
საინვესტიციო სამსახური არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული სსიპ საპენსიო სააგენტოში, რომლის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საინვესტიციო საბჭო. საპენსიო აქტივების ინვესტირება არის რეგულირებადი საქმიანობა და საინვესტიციო პროცესების მარეგულირებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საინვესტიციო სამსახური.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საინვესტიციო ოპერაციების ანალიტიკოსის ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ტრანზაქციის ანგარიშსწორების პროცესის მართვა, ტრანზაქციის ინიცირებიდან მისი დასრულების ჩათვლით შიდა პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით;
** ტრანზაქციების დოკუმენტაციის აღრიცხვა, სათანადო წესით დოკუმენტირება და შენახვა;
** საპენსიო აქტივების ყოველდღიური რეკონსილაცია სხვადასხვა სისტემებში, პოზიციების და ტრანზაქციების დონეზე;
** საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტებთან ანგარიშის გახსნისთვის საჭირო მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა და დოკუმენტაციის მომზადება;
** სპეციალიზებულ დეპოზიტართან ყოველდღიური კომუნიკაცია, როგორც საპენსიო აქტივებთან და ტრანზაქციების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ასევე მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა საოპერაციო საკითხებზე;
** საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული კორპორაციული ქმედებების და დაკავშირებული ფულადი სახსრების მუდმივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური დავალების შექმნაში მონაწილეობის მიღება, ტესტირება და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.
** არსებული პროცესების ანალიზი, დახვეწა და შესაბამისი წესების და პროცედურების შექმნა ბაზრის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
** საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში შიდა ანგარიშგებების მომზადება, აუდიტის პროცესში მონაწილეობა და სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება წინასწარ არ იყოს განჭვრეტადი;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სააგენტოს სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
** უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ეკონომიკის სფეროში;
** საბანკო ოპერაციების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების პროცესის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აქტივების კლასების ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები, ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** საბროკერო კომპანიაში, აქტივების მმართველ კომპანიაში, კომერციული ბანკში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ბექ ოფისი ან middle office);
** სხვადასხვა კორპორატიული ქმედებების თეორიული ცოდნა; პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ანგარიშსწორების სისტემებთან (SWIFT) ან/და საინვესტიციო პროგრამებთან (Bloomberg, Reuters) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი პიროვნული თვისებები:
** არის დისციპლინირებული, ორგანიზებული და აქტიური;
** აქვს დამოუკიდებლად მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მაღალი ემოციური ინტელექტი.
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური და გამოთვლითი უნარები;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი;
** შეუძლია დინამიკურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** არის გუნდური, და შეუძლია როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო ოპერაციების ანალიტიკოსი.
შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას წერითი დავალება.
საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.