"მწვანე ალტერნატივა" აცხადებს კონკურსს მკვლევრებისთვის კვლევითი პროექტის წარდგენასა და შემდგომში მის განხორციელებაზე.
კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირის კვლევა
ეკოსისტემების აღდგენა და მათი დაცვა კლიმატის ცვლილების მიმართ ადგილობრივი გარემოსა და თემის მედეგობისთვის აუცილებელი ღონისძიებაა. შესაბამისად, გარემოში უხეში ჩარევა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, ტყეების არამდგრადი მართვა, ინფრასტრუქტურული პროექტები კლიმატის ცვლილების მიმართ რისკების გაზრდას უწყობს ხელს. განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკები და მასშტაბები იზრდება. ისედაც დაზიანებულ ეკოსისტემასა და დაჩაგრულ ადგილობრივ თემებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, რომ გაუმკლავდნენ სტიქიებს და მოახერხონ სწრაფი აღდგენა. ვინაიდან, ამ საკითხების თანაკვეთებისა და ერთობლივი მაგალითების სიღრმისეული კვლევა აქამდე არ ჩატარებულა, "მწვანე ალტერნატივა" იწვევს დაინტერესულ მკვლევრებს ან ორგანიზაციას, ინტერდისციპლინური მიდგომებით შეისწავლონ ეს საკითხი.
კვლევის მიზანია კონკრეტული არეალების/მაგალითების საფუძველზე შეისწავლოს კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირი და მათი ზემოქმედება ადგილობრივ თემებსა და ბუნებრივ გარემოზე. კვლევის ამოცანაა ისეთი მაგალითების იდენტიფიცირება, სადაც ვლინდება კატასტროფების (მეწყერი, წყალდიდობა, ღვარცოფი) ზემოქმედება და ასევე, ადგილობრივ გარემოსა და თემზე მიმდინარე ზეწოლა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად.
საკვლევი კითხვები:
** როგორ ამწვავებს კლიმატის ცვლილება სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს იმ თემებსა და არეალებში, სადაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება ინტენსიურია?
** როგორია კატასტროფებისა და გარემოს დეგრადაციით მიყენებული კუმულაციური ზიანი ადგილობრივ თემსა და ბუნებრივ გარემოზე?
** კონკრეტული მაგალითების მიხედვით, რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესარბილებად?
** რა აღდგენითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო შერჩეული ადგილობრივი თემებისა და ბუნებრივი გარემოსთვის?
მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში გამოყენებული უნდა იქნას ინტერდისციპლინური მიდგომები, GIS რუკების დამუშავება, ეკოსისტემის მდგომარეობის შეფასება, ასევე სოციალური კვლევის თვისებრივი კვლევის მეთოდები - ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, ექსპერტული ინტევრიუები ან სხვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მკვლევართა ჯგუფს შეადგენდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
გთხოვთ, კვლევის მეთოდოლოგიის შედგენისას გაითვალისწინოთ დავალებაში მოცემული ინფორმაცია, თუმცა წახალისებულია მკვლევრების მიერ ამ მეთოდოლოგიის გამდიდრება.
ვადები:
წარსადგენი ინფორმაცია:
1. კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს მინიმუმ შემდეგი ინფორმაციის აღწერას: კვლევის მიზანი და ამოცანები, საკვლევი არეალების/მაგალითების დასაბუთება, სამიზნე ჯგუფ (ებ)ი, საკვლევი მეთოდები და მონაცემთა ანალიზის მეთოდები;
2. კვლევითი პროექტის გეგმა-გრაფიკი;
3. მკვლევრების რეზიუმეები;
4. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (ბიუჯეტის ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს 6000 ევროს ექვივალენტი ლარში)
საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიის აღწერას, მონაცემთა ანალიზსა, შესაბამის ვიზუალიზაციებს (მაგ. სურათები, რუკები, ცხრილები და დიაგრამები) და კვლევის მიგნებებს.
დაინტერესებულ ადამინებს/ორგანიზაციებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი (პროექტის აღწერა-დასაბუთება, რეზიუმეები და შესაბამისი ბიუჯეტი) ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: greenaltorg@gmail.com
გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ კონკურსის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 დეკემბერი
გისურვებთ წარმატებას!